ჩვენი ექსპერიმენტი


გადავწყვიტეთ, პატარა ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ამ ექსპერიმენტით გვინდოდა დაგვედგინა, რამდენად ღელავენ ზრდასრული ადამიანები მომავალი თობის სიჯანსაღეზე, ჩვენ მიერ გადაღებული ადამიანები ხომ ვიღაცის მამა, ძმა, ბიძა, პაპა თუ მეზობელია?

ექსპერიმენტის დროს შემხვედრ ადამიანებს სიგარეტს ვთხოვდით და მათ რეაქციას ველოდებოდით, სიმართლე გითხრათ, ჩვენს წარმოდგენაში მათი მხრიდან შეგონებები, სიგარეტის მოწევის შესახებ მინი ლექციები, დატუქსვა, გაფრთხილება და სიგარეტის მოცემაზე უარის თქმა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სინამდვილეში ასე არ მოხდა. არავის გავუკიცხივართ, არავის აუხსნია ჩვენთვის, რა მავნე ჩვევაა თამბაქოს მოხმარება, არავის მიუქცევია ჩვენი ასაკისთვის ყურადღება. ან სინანულით გვეუბნებოდნენ , რომ ბოლო ღერიღა ჰქონდათ, ან არ ეწეოდნენ, თორემ მოგვცემდნენ. მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიაქცია ყურადღება ჩვენს ბავშვურ ასაკს და აღნიშნა, რომ სიგარეტისთვის ჯერ პატარები ვიყავით, მაგრამ სიგარეტის მოცემაზე მაინც არ უთქვამს უარი.
ეს პატარა ექსპერიმენტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სათანადო დასკვნები გავაკეთოთ. არავინ ერევა "სხვისი შვილის" საქმეში და არავის აღელვებს, სხვა რას აკეთებს. ეჭვი გვაქვს, ჩვენს მაგივრად, რომ საკუთარი შვილები ან შვილიშვილები დაენახათ, აღშფოთდებოდნენ კიდეც, მორალსაც წაგვიკითხავდნენ, სკოლაშიც მოვიდოდნენ, მასწავლებელსაც გაესაუბრებოდნენ და ყველა ზომასაც მიმართავდნენ, რომ სიგარეტისთვის თავი დაგვენებებინა. იქნებ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ?! 
ამიტომაც ყველას მოგმართავთ უფროსებო: ჩვენებო, სხვისებო, დედებო, მამებო, ბებიებო, პაპებო!  
მნიშვნელოვანია იცოდეთ, აქვთ თუ არა თქვენს ბავშვებს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე. მოგვაწოდეთ სწორი ინფორმაცია მოწევასთან დაკავშირებული რისკების შესახებ,  გვესაუბრეთ თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე ჩვენი ასაკის შესაფერისად და გასაგებად , დაგვაკავეთ  ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით, რათა დრო არ დაგვრჩეს ამ მავნე ჩვევისთვის. 

0 comments: